პოლიტიკა

მოსკოვმა საქართველოს პრემიერის ახალ სპეცწარმომადგენელთან კონტაქტი დაამყარა - Известия

16 ნოემბერი, 2026 - 11:56

მოსკოვმა კონტაქტები დაამყარა საქართველოს პრემიერ მინისტრის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ახალ სპეციალურ წარმომადგენელთან, გიორგი ზურაბაშვილთან. მის რუს კოლეგას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი წარმოადგენს, განუცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოცემა Известия-ს

„ჩვენ დავამყარეთ კონტაქტი გიორგი ზურაბაშვილთან. განსაზღვრულია მისი რუსი კოლეგა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი, რომელიც სამხრეთ კავკასიას კურირებს. რუსეთი თანმიმდევრულად უჭერს მხარს საქართველოსთან პრაგმატული და ურთიერთმომგებიანი ურთიერთობების შენებას“, - განაცხადეს უწყებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ დასძინა, რომ მოლაპარაკებების მონაწილეები ყურადღებას გაამახვილებენ ვაჭრობის გაფართოებაზე, ტურიზმის განვითარებაზე, სატრანსპორტო კავშირებსა და კულტურულ გაცვლებზე. საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამორიცხა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების გადახედვა.

საქართველოს ხელისუფლებამ ზურაბაშვილი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლად ოქტომბრის ბოლოს დანიშნა. ნოემბრის დასაწყისში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ზურაბაშვილის დანიშვნა მნიშვნელოვან ნაბიჯად შეაფასა და რუსეთთან სავაჭრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული კავშირების გაძლიერების თბილისის განზრახვა გამოაცხადა. თუმცა, კობახიძემ მანამდე აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას აბრკოლებს.

2024 წლის ოქტომბერში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამორიცხა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ გადაწყვეტილების გადახედვა. იმავე წლის სექტემბერში საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს თავად უნდა დაედგინათ შერიგების ფორმატი. მან აღნიშნა, რომ რუსეთი, საერთო ინტერესის არსებობის შემთხვევაში, მზადაა ხელშეკრულებების გაფორმებაში დაეხმაროს.