პოლიტიკა ციტატა

არარელევანტური გადაწყვეტილებაა. ამის შემდეგ რას აკეთებს? რაზმი ჩავა ცხინვალში და აიყვანს ვინმეს, თუ რას იზამს? | პაპუაშვილი ბრიტანეთის მიერ სეპარატისტების დასანქცირებაზე

2 ოქტომბერი, 2026 - 12:34

"ეს დიდი ბრიტანეთის საქმეა და მათი გადასაწყვეტია. გაფუჭებული საათი დღეში ორჯერ სწორ დროს აჩვენებს. რაღაც გადაწყვეტილება შეიძლება იყოს ჩვენი გადმოსახედიდანაც სწორი, მაგრამ ის გაფუჭებული საათი, რომელიც დიდ ბრიტანეთს აქვს სანქციებთან დაკავშირებით, გაფუჭებულ საათად რჩება...არარელევანტური გადაწყვეტილებაა. არც რაიმეს არგებს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობის აღდგენას და არც რაიმეს აკლებს... და ამის შემდეგ რას აკეთებს? რაზმი ჩავა ცხინვალში და აიყვანს ვინმეს, თუ რას იზამს? " | ამბობს პაპუაშვილი დიდი ბრიტანეთის მიერ, საქართველოს ოკუპირებული რეგიონის, ცხინვალის სეპარატისტი "ლიდერების" დასანქცირებაზე.

დიდმა ბრიტანეთმა “რუსეთის სანქციების რეჟიმის” ფარგლებში, 1 ოქტომბერს სანქციები დაუწესა 31 ფიზიკურ პირს, იურიდიულ პირსა და გემს, იმ საქმიანობისთვის, რომელიც საფრთხეს უქმნის უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებლობას. სანქცირებულთა შორის არის სამი პირი, რომლებიც კავშირში არიან საქართველოს უკანონოდ ოკუპირებულ რეგიონებთან - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან: მარატ კამბოლოვი, ალან გაგლოევი და სერგეი ტოლმაჩოვი.

რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ უფრო ფართო ტენდენციის ნაწილია, რომელიც მისი მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო დონეზე აღიარებული საზღვრებისადმი უპატივცემულობაში გამოიხატება. მათ შორისაა საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის - ოკუპაციის გაგრძელება.

დიდი ბრიტანეთი გმობს რუსეთის მცდელობებს, გაამყაროს საკუთარი უკანონო კონტროლი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე, მათ შორის 18 სექტემბერს სამხრეთ ოსეთში ჩატარებული ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნების“ და დე ფაქტო ანექსიისკენ გადადგმული შემდგომი ნაბიჯების მეშვეობით.
დიდი ბრიტანეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისო დონეზე აღიარებულ საზღვრებში და აგრძელებს რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას მისი ქმედებების გამო.“ - წერია ბრიტანეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.