თითოეული ომის უკან „დიდი ბიძა“ დგას ...ყველამ თავისი ადგილი უნდა იცოდეს, არ უნდა ჩაერიოს ჩვენს საქმეებში | ალიევი
"დღეს ომები სხვადასხვა ადგილას მიმდინარეობს. თითოეული მათგანის უკან, როგორც იტყვიან, „დიდი ბიძა“ დგას. ზოგიერთის უკან - რამდენიმეც კი. ჩვენ კი მარტონი ვიყავით. ყველა ეს „დიდი ბიძა“ ჩვენ წინააღმდეგ იყო. იმ მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები ჩვენ წინააღმდეგ იყვნენ. დღეს ისინი მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოებია - შეხედეთ, ვის წინააღმდეგ ვომობდით.
ისინი სომხეთის ზურგს უკან იდგნენ და დღესაც მის ზურგს უკან დგანან - თითოეული იმ ფორმით, რომელსაც საჭიროდ მიიჩნევს. სწორედ ამიტომ ვამაყობთ ჩვენი გამარჯვებით, ვამაყობთ ჩვენი მამაცობით, ვამაყობთ ჩვენი ნებისყოფით, ვამაყობთ ჩვენი ხალხით, ვამაყობთ ჩვენი სახელმწიფოთი. " | განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა პარტია „ახალი აზერბაიჯანის“ VIII ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისივე თქმით, აზერბაიჯანს არავინ დახმარებია ყარაბაღის ომში და ქვეყანამ ყველაფერი საკუთარი სახსრებით მოიპოვა, მათ შორის, შეიარაღება:
"როცა დახმარება გვჭირდებოდა, არავინ დაგვხმარებია. ყველაფერი, რაც მოვიპოვეთ, საკუთარი სახსრებით შევიძინეთ. ეს ჩვენს შეიარაღებასაც ეხება. ისინი მსოფლიო ფასებში, ბოლო ტყვიამდე, საკუთარი ფულით ვიყიდეთ" | თქვა ალიევმა და სომხეთის წინა ლიდერებს "სამხედრო დამნაშავეები" უწოდა:
"სომხეთის ყველა წინა ლიდერი სამხედრო დამნაშავეა და ისინი უნდა დაისაჯონ...
ყველამ თავისი ადგილი უნდა იცოდეს, არ უნდა ჩაერიოს ჩვენს საქმეებში, ცხვირი არ უნდა ჩაყოს ჩვენი ცხოვრების წესში და არ უნდა გვიკარნახოს, რა ვაკეთოთ" | აღნიშნა ალიევმა.