NYT: პუტინმა უკრაინის ომზე მოლაპარაკებების ფარგლებში აშშ-ს ეკონომიკური შეთანხმება შესთავაზა, მათ შორის, Lukoil-ის უცხოური აქტივები
New York Times-ის ინფორმაციით, აშშ და რუსეთი უკრაინის ომის მოლაპარაკებების ფარგლებში ეკონომიკურ შეთანხმებას განიხილავენ. წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა წერს, რომ პუტინმა უკრაინაში ომის მოსაგვარებლად აშშ-ს ეკონომიკური შეთანხმება შესთავაზა, მათ შორის კერძო რუსული კომპანია Lukoil-ის უცხოური აქტივები. როგორც NYT წერს, პუტინმა ეს საკითხი 5 სექტემბერს კრემლში გამართულ შეხვედრაზე, ტრამპის სპეციალურ წარმომადგენლებთან, სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან განიხილა.
როგორც გაზეთი წერს, ამერიკელებმა უპასუხეს, რომ ამ საკითხზე იმუშავებდნენ, რადგან მას განიხილავენ როგორც კრემლთან ნდობითი ურთიერთობების განმტკიცების და, ამავდროულად, ენერგორესურსებზე მსოფლიო ფასების შემცირების საშუალებას.
NYT-ის ინფორმაციით, ამჟამად „ლუკოილის“ უცხოური აქტივების შეძენის მთავარი პრეტენდენტები არიან მილიარდერი და ტრამპის მხარდამჭერი ტოდ ბოელი, რომელმაც ტრამპის საარჩევნო კამპანიისთვის ორი მილიონი დოლარი გაიღო, ასევე ყატარული კონგლომერატი, რომელიც დაკავშირებულია კუშნერთან და მის მეუღლე ივანკა ტრამპთან, და აბუ-დაბის კიდევ ერთი საინვესტიციო ფონდი, რომელიც უიტკოფთანაა დაკავშირებული.
NYT წერს, რომ არ არსებობს მინიშნება იმისა, რომ კუშნერი ან უიტკოფი პირადად ისარგებლებენ ამ გარიგებით, თუმცა ეს წარმოადგენს პირადი საქმიანი კავშირებისა და გეოპოლიტიკის "გასაოცარ გადაკვეთას", რაც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისთვისაა დამახასიათებელი.