უცხოეთი

რუსეთში შავი ჭირის აფეთქების მასშტაბებს მალავენ

3 ოქტომბერი, 2026 - 20:00
რუსეთში შავი ჭირის აფეთქების მასშტაბებს მალავენ | ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა The Sun ავრცელებს და წერს, რომ რუსეთის ხელისუფლება მომხდარის რეალურ მასშტაბებს არ ასაჯაროებს. ეპიდემიოლოგი მიხეილ ფავოროვი მიიჩნევს, რომ ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტის 28 წლის თანამშრომელი, სუნთქვის პრობლემების გამო, თავდაპირველად COVID-ით დაავადებულ პაციენტად მიიჩნიეს და ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე მიაერთეს. მისი თქმით, თუ ქალს ნამდვილად ფილტვის ჭირი ჰქონდა, ამას შესაძლოა სხვა ადამიანების დაინფიცირება მოჰყოლოდა. ინფექცია შესაძლოა უკვე იმ პირების მეშვეობით გავრცელებულიყო, ვისაც პაციენტთან კონტაქტი ჰქონდა.
 
ამასთან, ექსპერტმა ლაბორატორიაში სინჯარის გატეხვის ვერსიას ნაკლებად სავარაუდო უწოდა: მისი თქმით, ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტების თანამშრომლები სპეციალური დამცავი აღჭურვილობით მუშაობენ, რის გამოც ამ გზით დაინფიცირების ალბათობა ძალიან დაბალია.
 
შექმნილი სიტუაციის ფონზე, „როსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელი ანა პოპოვა ირკუტსკის ოლქში პირადად ჩავიდა. რეგიონის გუბერნატორი კი კონკრეტულ დაავადებას კვლავ არ ასახელებს.
 
2 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთში ლაბორატორიის თანამშრომელი 28 წლის ქალი შავი ჭირით გარდაიცვალა. 25 სექტემბერს, სამუშაო პროცესში, დარია შიპილოვაას შემთხვევით გაუტყდა სინჯარა, რომელიც ფილტვის შავი ჭირის გამომწვევს შეიცავდა. ახალგაზრდა ქალი 2 ოქტომბრის ღამეს საავადმყოფოში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ბურიატის რესპუბლიკის ხელმძღვანელმა, ალექსეი ციდენოვმაც დაადასტურა. ეპიდემიოლოგებმა გარდაცვლილთან კონტაქტში მყოფი 197 პირი გამოავლინეს, რომელთაგან 189 მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.