უცხოეთი

რუსეთში საკუთარ მანქანაში ააფეთქეს სამხედრო, რომელიც უკრაინელი ტყვეების წამებაში მონაწილეობდა

3 ოქტომბერი, 2026 - 20:55

ტულას ოლქში საკუთარ მანქანაში ააფეთქეს რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურის ყოფილი თანამშრომლი, რომელსაც უკრაინა სამხედრო ტყვეების წამებაში ადანაშაულებდა | ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს და წერს, რომ მიღებული მძიმე ჭრილობების შედეგად ის ადგილზე გარდაიცვალა.

მათივე ცნობით, ინციდენტი 2 ოქტომბერს, სირომიატნიკოვის საცხოვრებელ სახლთან მოხდა.

წინასწარი მონაცემებით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ავტომობილის ფსკერზე, მძღოლის მხარეს იყო დამონტაჟებული.

გამოცემა წერს, რომ სირომიატნიკოვი ადრე რუსეთის სასჯელაღსრულების სისტემაში მუშაობდა, ხოლო 2023 წლიდან უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩაერთო. ის იბრძოდა სადესანტო-საჰაერო ჯარების 106-ე ტულას დივიზიის 51-ე პოლკის შემადგენლობაში დონეცკის ოლქში, ასევე მონაწილეობდა კურსკის ოლქის საბრძოლო მოქმედებებში.

2024 წლის ნოემბრის ბოლოს იგი სამკურნალოდ ტულას ოლქში დაბრუნდა.

2025 წლის სექტემბერში უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ სირომიატნიკოვს ეჭვმიტანილის სტატუსი მიანიჭა ტულას ოლქის №1 გამოსასწორებელ კოლონიაში უკრაინელი სამხედრო ტყვეების წამების გამო, სადაც ის 2022 წელს მუშაობდა.

უკრაინელი სამართალდამცველების ცნობით, სირომიატნიკოვი სულ მცირე 50 უკრაინელი ტყვის წამებაში მონაწილეობდა. შემოწმებების დროს ტყვეებს სცემდნენ მუშტებით, ფეხებით, რეზინის ხელკეტებით, პლასტმასის მილებითა და ჩაქუჩებით. გარდა ამისა, იყენებდნენ ელექტროშოკს და საველე ტელეფონ TA-57-ის სადენებს უერთებდნენ ტყვეების სხეულს ელექტროდენის გასატარებლად.