უცხოეთი

რუსეთში შავი ჭირისგან დასაცავად რამდენიმე საავადმყოფოში სამი კვირით კარანტინი გამოცხადდა

4 ოქტომბერი, 2026 - 15:52

რუსეთში შავი ჭირისგან დასაცავად რამდენიმე საავადმყოფოში სამი კვირით კარანტინი გამოცხადდა - ალუმინის ქარხანაში პირბადეების ტარების რეჟიმი დააწესეს | ინფორმაციას გამოცემა Nexta საწარმოს დირექტორის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. მისი თქმით, ქალაქ შელეხოვში ბევრი „ჭორი და წინააღმდეგობრივი ინფორმაცია“ ვრცელდება. გამოცემა წერს, რომ რამდენიმე საავადმყოფოში სამი კვირით კარანტინი გამოცხადდა. მათივე ცნობით, სტაციონარებში მკაცრი შეზღუდვები დაწესდა: პაციენტებს გარეთ არ უშვებენ, ხოლო ნათესავების ვიზიტი აკრძალულია. 3 ოქტომბერს ბაიკალსკის ხელისუფლებამ მცხოვრებლებს მოუწოდა, შავ ჭირთან დაკავშირებული სიტუაციის გამო შელეხოვში არ გამგზავრებულიყვნენ, თუმცა ეს ოფიციალური შეტყობინება მოგვიანებით წაიშალა.

რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ზედამხედველობის ფედერალურ სამსახურში [როსპოტრებნადზორი] დღეს განაცხადეს, რომ ბიოლოგიური უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვის კომისიამ შეამოწმა ირკუტსკის ინსტიტუტი და განაცხადა, რომ დაავადების გამომწვევ მიკროორგანიზმებთან მუშაობისას არანაირი საგანგებო სიტუაცია არ დაფიქსირებულა. უწყება აცხადებს, რომ გარდაცვლილ 28 წლის ლაბორანტს „დაუდგენელი წარმოშობის პნევმონია“ ჰქონდა. მათივე მტკიცებით, გაფართოებულმა კვლევებმა პაციენტის ორგანიზმში არ აღმოაჩინა ისეთი მიკროორგანიზმები, რომლებიც მის პროფესიულ საქმიანობასთან იყო დაკავშირებული. „როსპოტრებნადზორი“ ირწმუნება, რომ რეგიონში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია სრულიად სტაბილურია და კარანტინში მყოფ არცერთ პირს ინფექციის ნიშნები არ აღენიშნება

"შემოწმებისას გამოვლენილია COVID-19-ის ორი და რინოვირუსული ინფექციის ორი შემთხვევა. სხვა ინფექციური დაავადებების პათოგენები არ დაფიქსირებულა“, - ნათქვამია "როსპოტრებნადზორის" განცხადებაში.

2 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთში ლაბორატორიის თანამშრომელი 28 წლის ქალი შავი ჭირით გარდაიცვალა. 25 სექტემბერს, სამუშაო პროცესში, დარია შიპილოვაას შემთხვევით გაუტყდა სინჯარა, რომელიც ფილტვის შავი ჭირის გამომწვევს შეიცავდა. ახალგაზრდა ქალი 2 ოქტომბრის ღამეს საავადმყოფოში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ბურიატის რესპუბლიკის ხელმძღვანელმა, ალექსეი ციდენოვმაც დაადასტურა. ეპიდემიოლოგებმა გარდაცვლილთან კონტაქტში მყოფი 197 პირი გამოავლინეს, რომელთაგან 189 მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. 3 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთში შავი ჭირის აფეთქების მასშტაბებს მალავენ.