გავრცელებულ კადრებში სექსუალური ძალადობა არ ჩანს. რა თქმა უნდა, იბრალებს | ოცნების დეპუტატი გაბუნია პატიმარ დავითაძეზე
"ჩვენ ვნახეთ ვიდეოკადრები - ეს ამბავი კი აღმოჩნდა ტყუილი. რეალურად, არანაირ სექსუალურ ძალადობას იქ ადგილი არ ჰქონია. ასევე სახალხო დამცველიც იყო ჩართული ამ საკითხის შესწავლაში და გაკეთდა შესაბამისი განცხადებები. საზოგადოებამ ნახა ვიდეოკადრები, იხილა ის, რომ მსჯავრდებული, რომელმაც ეს განცხადება გააკეთა, აღმოჩნდა, რომ იტყუება. მას ჰქონდა იმედი, რომ ეს ვიდეოკადრები არ იარსებებდა, წაშლილი იყო, თუმცა ასე არ აღმოჩნდა. იბრალებს, რა თქმა უნდა. საზოგადოებამ ნახა ვიდეოკადრები, გავრცელდა ვიდეოკადრები, რაზეც თავად მსჯავრდებული საუბრობდა ამ ფაქტთან დაკავშირებით, ხომ? და აღმოჩნდა ტყუილი, რა თქმა უნდა. ვერ ვნახეთ ძალადობა. თქვენ ნახეთ ძალადობა? გავრცელებულ კადრებში სექსუალური ძალადობა არ ჩანს. რა თქმა უნდა, იბრალებს. მე მგონი, რა ვიცი, ყველას გვაქვს ორი თვალი და შეფასების უნარი” [IPN], - აცხადებს ოცნების დეპუტატი გაბუნია რუსთავის პატიმარ გიორგი დავითაძის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე, რუსთავის მე-6 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ განცხადება გააკეთა და ბადრაგი გაუპატიურებაში დაადანაშაულა. მისი თქმით, აღნიშნული დეესკალაციის ოთახში განხორციელდა, მასში რამდენიმე პირი მონაწილეობდა.
საკითხს გამოეხმაურა სპეციალური პენიტენციური სამსახური და აღნიშნულს დეზინფორმაცია უწოდა და ვიდეოკადრები გამოაქვეყნა. გუშინ გვიან ღამით კი, პენიტენციურმა სამსახურმა ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვითაც დავითაძემ პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომელს დაუძახა და "მის თვალწინ, სამეთვალყურეო ვიდეოკამერის დასანახად, დემონსტრაციულად, გადაყლაპა გაურკვეველი მცირე საგანი". უწყების განმარტებით, აღნიშნულის გათვალისწინებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის შემდგომი მონიტორინგის მიზნით, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეს შესთავაზეს გადაყვანა სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში“, რაზეც მან კატეგორიული უარი განაცხადა.