პოლიტიკა

ბრალდებები არ დადასტურდა...როდესაც პატიმარი არ ემორჩილება კანონს, პენიტენციურ სამსახურს უფლება აქვს გამოიყენოს იძულების კანონით დაშვებული მექანიზმები | სალია დავითაძეზე

5 ოქტომბერი, 2026 - 14:20

"ის ბრალდებები რაც გაჟღერდა, არც ერთი საბოლოო ჯამში არ დადასტურდა. ყოველ შემთხვევაში, მიმდინარე, უკვე წარმოჩენილი და გასაჯაროებული მასალიდან, რომელიც დამოუკიდებლად შეისწავლა სახალხო დამცველმა და რაიმე ძალადობის კვალი, მითუმეტეს იმ დანაშაულის კვალი, რაზეც საუბრობდა პატიმარი, არ დადასტურდა...ძალადობაზე საუბარი, სანამ არ დადგინდება გამოძიების მიერ იყო თუ არა პროპორციული ძალა გამოყენებული...ფორმა, როდესაც არ ემორჩილება პატიმარი შინაგანაწესს, კანონს, კანონით გათვალისწინებულ პროცედურებში ხელს უშლის პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს, პენიტენციურ სამსახურს სრული უფლება აქვს გამოიყენოს იძულების კანონით დაშვებული მექანიზმები" | თქვა იუსტიციის მინისტრმა სალიამ, პატიმარ გიორგი დავითაძის საქმესთან დაკავშირებით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე, რუსთავის მე-6 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ განცხადება გააკეთა და ბადრაგი გაუპატიურებაში დაადანაშაულა. მისი თქმით, აღნიშნული დეესკალაციის ოთახში განხორციელდა, მასში რამდენიმე პირი მონაწილეობდა.

საკითხს გამოეხმაურა სპეციალური პენიტენციური სამსახური და აღნიშნულს დეზინფორმაცია უწოდა და ვიდეოკადრები გამოაქვეყნა.

გუშინ გვიან ღამით კი, პენიტენციურმა სამსახურმა ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვითაც დავითაძემ პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომელს დაუძახა და "მის თვალწინ, სამეთვალყურეო ვიდეოკამერის დასანახად, დემონსტრაციულად, გადაყლაპა გაურკვეველი მცირე საგანი".

უწყების განმარტებით, აღნიშნულის გათვალისწინებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის შემდგომი მონიტორინგის მიზნით, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეს შესთავაზეს გადაყვანა სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში“, რაზეც მან კატეგორიული უარი განაცხადა.