უცხოეთი

შავ ზღვაში რუსული დრონების თავდასხმის შედეგად თურქულ გემს ცეცხლი გაუჩნდა და ჩაიძირა | დაღუპულია 2 ადამიანი

5 ოქტომბერი, 2026 - 16:58

დღეს დილით, შავ ზღვაში, რუმინეთის ღრმაწყლოვანი გაზის პროექტის, Neptun Deep-ის მახლობლად დრონი მარცვლეულის გადამზიდ გემს დაეჯახა.

ხომალდი Royad Mammadov თურქეთის დროშის ქვეშ ცურავდა. გემს ცეცხლი გაუჩნდა და ჩაიძირა. რუმინეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპულია ორი ადამიანი, ხოლო ეკიპაჟის 11 წევრის გადარჩენა მოხერხდა.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, დარტყმები რუსული დრონებით განხორციელდა:

"საშინელი დარტყმა ორი რუსული დრონით ნეიტრალურ წყლებში მყოფ სამოქალაქო გემზე, რომელსაც სიმინდი გადაჰქონდა და თურქეთის საკუთრებაში იყო. ბორტზე აზერბაიჯანისა და ინდოეთის მოქალაქეები იმყოფებოდნენ. ამ დროისთვის, სამწუხაროდ, ცნობილია, რომ გემის კაპიტანი დაიღუპა. ვუსამძიმრებ. კიდევ ერთი ადამიანის ბედი ზუსტდება. ეკიპაჟის თერთმეტი წევრის გადარჩენა მოხერხდა, მათგან ერთი დაჭრილია.
უკრაინამ უკვე არაერთხელ შესთავაზა კონკრეტული ნაბიჯები დეესკალაციისა და შავ ზღვაში უსაფრთხოების გარანტირებისთვის. იყო შესაბამისი წინადადებები მესამე ქვეყნებისგანაც. მაგრამ რუსეთი თანმიმდევრულად ირჩევს ტერორს და სამოქალაქო გემების ჩაძირვას ნორმალური ნაოსნობის ნაცვლად. საჭიროა ზეწოლა, რათა აღდგეს გლობალური სასურსათო უსაფრთხოება. და ყველა, ვინც ამით რეალურადაა დაინტერესებული, უნდა დაგვეხმაროს.“ | აცხადებს ზელენსკი