უცხოეთი

გერმანიის საგარეო დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს

6 ოქტომბერი, 2026 - 14:35
გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ ქვეყნის საგარეო დაზვერვის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი აუგუსტ ჰანინგი ჯაშუშობის, სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნებისა და სახელმწიფო ღალატის მცდელობის ბრალდებით დააკავა. გამოძიების ცნობით, დაკავებულია დაზვერვის კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი, ჰანინგის აპარატის უფროსი, რომელიც მას ფინანსური ანაზღაურების სანაცვლოდ ასობით კლასიფიცირებულ დოკუმენტს გადასცემდა
 
ჰანინგი საგარეო დაზვერვის სამსახურს 1998-2005 წლებში ხელმძღვანელობდა, რის შემდეგაც ფედერალურ შინაგან საქმეთა სამინისტროში გადავიდა და 2009 წლის ნოემბრამდე სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე მუშაობდა. გამოძიების ინფორმაციით, ჰანინგისთვის გადაცემული 2 000-მდე დოკუმენტი მოიცავდა უმაღლესი საიდუმლოების მქონე ყოველკვირეულ ბრიფინგებს, რომლებიც განკუთვნილი იყო უშუალოდ გერმანიის კანცლერის აპარატისთვის. აუგუსტ ჰანინგმა საიდუმლო ინფორმაციები თანამდებობიდან წასვლის შემდეგ იყიდა. ვინაიდან მას ხელი აღარ მიუწვდებოდა ამ ინფორმაციებზე, გარიგება დადო თავის ყოფილ თანამშრომელთან
 
გერმანული მედია ფედერალური პროკურატურის მასალებზე დაყრდნობით წერს, რომ აუგუსტ ჰანინგი საიდუმლო ინფორმაციას ფინანსური მოგების მიზნით თავის კერძო ბიზნესსა და უცხოურ სპეცსამსახურებზე გასაყიდად იყენებდა. გერმანული მედიის ცნობით, ჰანინგი დღეს დილით, დასავლეთ გერმანიის ქალაქ მიუნსტერთან ახლოს, ნორდვალდეში მდებარე საკუთარ სახლში დააკავეს